ვინ არის კაპნო: ლეგენდა კაპანაძეთა გვარის

ბევრმა არ იცის, მაგრამ კაპნო ჩვენი ოჯახის გვარიდან, კაპანაძედან, მოდის. ისიც უნდა ითქვას, რომ კაპნოს მევენახესა და მეღვინეს მამას, ნუგზარ კაპანაძეს, ანუ ბაბუაჩემს, მიმართავდნენ ახალგაზრდობაში ასე. იგი საინტერესო კაცი იყო: გამორჩეული ინჟინერი, ენაკვიმატი და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული.სიცოცხლის ბოლო წლებში იგი წერდა ლექსებს, ნოველებს და ავტობიოგრაფიულ ჩანახატებს. მას ასევე აქვს დახატული კაპანაძეთა საგვარეულო გერბი და, ბუნებრივია, ჩვენი ცქრიალას ლოგო სწორედ მას ეყრდნობა.
კაპნო ლოგო-02

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით ერთ-ერთ ცნობილ ლეგენდას კაპანაძეების შესახებ, რომელიც ბაბუაჩემმა მხატვრულად თავის ერთ-ერთ წიგნში გადმოსცა და როგორც ხვდებით, გერბიც ამ ამბის შთაგონებით შექმნა:

„ერთ დღეს ას წელს გადაცილებულ ბაბუას ვკითხე, ტყიდან რკო და ბარდა მოჰქონდა, უბნის საზიარო ჭასთან ჩამომჯდარიყო, კაკლის ხის ქვეშ და ჩიბუხს აბოლებდა.

-პეტრე ბაბუა! რომ ამბობენ კაპანაძემ მგელი შეჭამაო, ალბათ, ამ ამბის უშუალო მომსწრე იქნები.

-მე არა, ბაბუ! (გაეცინა და თვალი მოჭუტა), მაგრამ ბაბუაჩემი მოსწრებია და მისგან ვიცი დასტურ.

-მომიყევი! სინამდვილეში რა როგორ მოხდა?

-ერთი კაპანაძე, თავადს არ დამორჩილებია, თავადს მისი სამაგალითოდ დასჯა გადაუწყვეტია და ორმოში ჩაუგდია მგელთან; ცოტა ხანში ორმოდან ყვირილი გაუგონიათ: არიქა! ამომიყვანეთ კაპანაძემ შემჭამაო.

-მე როგორც ვიცი, ქალი ჩაუგდიათ, ( შევაპარე... )

-არა ბაბუ! კაცი შაუგდიათ, ქალი რომ ჩაეგდოთ, მაშინ განა მგელი დაყვირებას მოასწრებდა?!

საჩხერე, კალვათა, 1953”

 

აი, ამგვარი ფორმა მისცა ბაბუაჩემმა გავრცელებულ ლეგენდას, რომლის გამოცაა, რომ კაპანაძეებს მგელიჭამიებს უწოდებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ და მგლები უკვე ვმეგობრობთ და ბუნება ძალიან გვიყვარს, მაგრამ კაპნოს ოჯახისთვის ამ ლეგენდას სხვა დატვირთვა აქვს. მოგეხსენებათ ცქრიალას დამზადება მარტივი არაა, მითუმეტეს ე.წ. ტრადიციული მეთოდით. იგი რაღაცით ჰგავს ორთაბრძოლას, ჭიდილს მკაცრი და მოულოდნელი ბუნებრივი მოვლენების წინააღმდეგ. ამ პროცესში გამარჯვება კი უკვე ნიშნავს კაპნოს დაბადებას და წინსვლას.

ამიტომ ზაზა კაპანაძესთვის, მევენახისა და მეღვინესთვის კაპნოს სახელი და ლოგო წარმოადგენენ ძლიერ სიმბოლოებს პიროვნული გამარჯვებისა. და, ამავედროს, ეს პატივის მიგებაცაა, ლეგენდის მოამბისა, გერბის შემოქმედისა, ზაზას მამისადმი, კაცისა რომელსაც ახალგაზრდობაში კაპნოს ეძახდნენ.

- ნუკო კაპანაძე

მეტი ამბავი

Hello world!

Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!

Read more >